ტარიელ ჭანტურია - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ტარიელ ჭანტურია
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:26 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქრისტეა თუ ბარაბა -
მიწას მიებარება!

სიცოცხლე და სიკვდილი
იქნებიან ბარიბარ!
მაგრამ ბევრიც ეწამოს -
ყველა ვერ ამაღლდება!
ლოდებს ვუახლოვდები
და იმედი მაკლდება!
ვისთვის - კაიუტ-კომპანი!
ვისთვის - ცივი გემბანი!
მე - ზღვის ტალღა მინდოდა,
შენ - ცრემლებით გამბანე!
ქრისტეა თუ ბარაბა!
მიწას მიებარება!
მიწას თუ მიებარა,
თვალსაც მიეფარება!
ყველას აინტერესებს,
ქრისტეა თუ ბარაბა!
ყველას უნდა გაიგოს,
ქრისტეა თუ ბარაბა!
ანუ - ვინ ამაღლდება!
ბოლოს ვინ ამაღლდება!
... ლოდებს ვუახლოვდები
და იმედი მაკლდება!..
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:27 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მკითხველი
(დიპტიქი)
1.
ტატოც და ტიტეც, ბელიც და ბიოლიც,
რემბოც და პერსიც, ბლოკიც და შელიც,
თვით დიდი შოთაც, ბოლოს და ბოლოს,
მაგ სათნო ხელის შეხებას ელის...

ხუნდება ყველა დრაპი და შალი...
არ გახუნდება არასდროს შელი,
არც - აკაკი და გურამიშვილი! -
ათასი დღე და ათასი წელი!

თაროზე დებით, საფლავში წოლით -
არ დაიღლება ათასი წელი -
ჯავახიშვილი. ილია. ჭოლა.
გალაკტიონი. მარინა. ბელა.

ხელთ ჯადოსნური გიპყრია კვერთხი!
და გაცოცხლებას ინდომებ თუკი -
ვინც გინდა, იმას მოისვამ გვერდით,
და თვრები მერე იმათი შუქით...

ტატოც და ტიტეც,
ბელიც და ბიოლიც,
თვით დიდი შოთაც, ბოლოს და ბოლოს,
შენს ღიმილს უცდის და ცრემლებს შენსას,
აკაკის ტოლო! გონგორას ტოლო!

ყველაზე დიდი - მწერალთა შორის?
მეც თუ ოდესმე რაიმე მკითხეს,
დავასახელებ ყოველი ჯურის
ყველაზე დიდი მწერლების მკითხველს!

2.
გაჩახჩახებულია
მოედანი ვაგზლის!
ქრიან მატარებლები
ჯოისის და ჰაქსლის;
ჰაქსლისა და ფოლკნერის;
ფოლკნერის და პრუსტის! -
ხალხი მათ გამოჩენას
მღელვარებით უცდის...

გაჩახჩახებულია
მოედანი ვაგზლის!
არ იფიქრო, ვაგონში
ასვლას ვინმე გაცლის!
მოდის გამცილებელი -
ბარგს ხელიდან გაცლის! -
ფოლკნერსა და პრუსტსა და
ჯოისსა და ჰაქსლის...

აღმართია! - ჯობს თურმე
შენელება აქ სვლის!
ვინ აჰყვება სიჩქარეს
ფოლკნერის და ჰაქსლის!
ვიღაც მატარებლიდან
გადააგდეს - მოკლეს...
ცოდვა იმ უბედურის -
ჯოისსა და ფოლკნერს...

ჩავუქროლეთ სადგურებს -
მთლად ბნელს, მთლად უდაბურს!
ვერც მივდივარ სარკმელთან -
ვერც ვცილდები ტამბურს!
ელმავლები კივიან
პრუსტისა და ფროსტის!
ვზივარ შპალზე, მაზუთის
მძაფრი სუნი რო სდის...

მიჰქრის მატარებელი
მჯობნის-მჯობნის-მჯობნის!
ასაქცევთან ფოლკნერი
ელოდება ჯოისს!
ასაქცევთან ჰერტრუდას
ელოდება პრუსტი!
მგზავრები კი იცდიან:
ვიცდი!
იცდი!
უცდის...

საგაზაფხულო შესავალი: აი, ია!

გაზაფხულდა! და თბილისში
ყველას პირზე აკერია:
- აგერ, ია!

სოხუმია, ბათუმია,
ცხინვალია, ცაგერია... -
ყველას პირზე აკერია:
- აგერ, ია!

საუბარში - მერამდენედ -
მთლად უცნობი ჩაგერია:
- აგერ, ია!

სადაც უნდა გაიხედო,
ყველგან ქვეყნის იებია!
- თან, ისეთი იეფია!

 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:30 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ბედი უნდა ყველაფერს:
ყველა ნახატს; ყველა ფირს;

ყველა რომანს; ყველა ლექსს! -
ბედი უნდა ყველაფერს!
ყველა ტომს და ყველა რჯულს;
ყველა ერს და ყველა ბერს;
ყველა ხალხს და ქვეყანას! -
ბედი უნდა ყველაფერს!
ყველა მეფეს; სპასალარს;
ყველა ჰერცოგს; ყველა პერს;
ბედი უნდა ყველას და
ბედი უნდა ყველაფერს!
ყველა მახვილს მოქნეულს,
დახვედრებულ ყველა ფარს,
იმ ფარის და ხმლის პატრონს -
ბედი უნდა ყველაფერს!
ვის - ჯოგი ჰყავს, ვინ კიდევ
ვერ შოულობს წველა ყველს!
ბედი უნდა ამასაც!
ბედი უნდა ყველაფერს!
ყველა მთას და ყველა ბარს;
ყველა მოზვერს; ყველა ფურს! -
ბედი უნდა ყველას და
ბედი უნდა ყველაფერს!
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:30 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სტუმარი
მსოფლიო უსმენს უცხო ცივილიზაციის სიგნალებს...
სენსაციური ჰიპოთეზა გაზეთებიდან
1.
მიადე სივრცეს მუცელზე ყური - დედის საშოში ნაყოფი იძრა.
დედამიწაზე, როგორც ცისფერ სანაპიროზე, ბოლთას სცემს დარის თეთრი ღრუბელი. დაფეთდა ცაზე მარტორქა - მთვარე, და ჰორიზონტი ქამარივით შეიხსნა ღამემ.
მიუგდე ყური შემკრთალ ნისლეულს - დედის საშოში ნაყოფი იძრა...
მარჩენალ ბიჭის მოლოდინში ღამდება ღამე. ჟღერენ ეჟვნები შეთქმულებივით, და მზისფერ ჯოგში გარეული ურა მოზვერი მინდვრებს და ჭალებს სიცოცხლით ავსებს. აღებენ ჭიშკარს ურმის ჭრიალზე - ხომ არ დაბრუნდა უფროსი შვილი. ის თუ მოუტანს დაღლილ მშობელს შვინდივით ხორბალს, და აივსება სამზადის სხვენი ბროლის ბრინჯით და გაცეხვილ ღომით. მერე გამოცვლის გატეხილ კრამიტს და გადარეკავს მეზობლის ღორებს...
გახედე, ნახე! ვის უყეფს ძაღლი, ხომ არ დაბრუნდა უფროსი შვილი...
დედამიწაზე, როგორც ცისფერ სანაპიროზე, ღიმილითა და თმების სწორებით დაბალ ალაგეს მოადგა ქალი...

2.
მოგარგებს თითზე ცისარტყელა ნიშნობის ბეჭედს, და როგორც ზღვიდან - გალუმპული ამოხვალ ციდან.
მე მინდა გქონდეს ნინოს ღიმილი, თეას თმები და ცის სათნოება.
ღიაა კარი - როდის მოხვალ, არავინ იცის... ღიაა კარი - ცისარტყელას შვიდფერი კარი.
ამოხვალ ციდან, როგორც ზღვიდან. უსაზღვროება სავსეა შენით. როგორც ზღვიდან - ამოხვალ ციდან.
ასეთი ტანი... სად მინახავს ასეთი ტანი... ასეთი მხრები. სად მინახავს ასეთი ტანი... სანდო ღიმილი... სად მინახავს ასეთი ტანი... საიდან მახსოვს ეს თვალები... ასეთი ტანი...
ამდენ სიმღერას რა მოისმენს - ღუღუნებს ჭალა; ამდენ მოძახილს რა გაუძლებს - ბუბუნებს ველი; ფეხზე დგომამ და მოლოდინმა მუხლებში ძალა გამომილია. გეძებ. გიცდი. მომეცი ხელი.
შენა ხარ ჩემი! ამის! იმის! ყველასი! ჩვენი! სრულყოფილებაც. სიმახინჯეც, სულელიც. ბრძენიც. ზიზღი უსაზღვრო. სიყვარული. მალამო. სენი. მოხუცი. ბავშვი. საწამლავი. ყვავილის წვენი.
იღება კარი, ცისარტყელას შვიდფერი კარი, და როგორც ზღვიდან - ამოდიხარ ცისფერი ციდან...
3.
ამოირჩიე სამშობლო ჩემი: შავი ზღვის ტალღა, ნოსტე და გრემი; რა მნიშვნელობა აქვს თუმცა ამას, გარდა უბრალო პატივისცემის.
მე სანამ მოვალ, შენ თვითონ მოდი, რომ ვიყოთ ორნი: ტოტი და ტოტი; ბუდე და ბუდე; ჩიტი და ჩიტი; გული და გული; ლოდი და ლოდი...
გადავიხადო იქნება ვალი, ცას გავუსწორო იქნება თვალი, და შევავედრო ნაგვემი სული - არ გაუთიშოს ხორცი და ძვალი...
ღამე და წვიმა, ღამე და თოვლი. ღამე და ქარი, ღამე და ღამე დასრულდეს იქნებ... და სხვა - ახალი და უცნაური დაიწყოს რამე...
გემუდარები, სამშობლო ჩემი ამოირჩიო - ნოსტე და გრემი! რა მნიშვნელობა აქვს თუმცა ამას, გარდა უბრალო პატივისცემის...
4.
მწვანე ალვების გისოსებიდან დააკვირდი ქვეყნიერებას, იქნება მიხვდე, რით ასხვავებენ მეომრისა და მეისრის ქუდებს. რით განსხვავდება საკანი, კუპე, სასახლე, ციხე; კუბო და ყუთი; რით განსხვავდება საწყალ ძლოკვისგან ასპიტი, კობრა და ჟარარაკი; რით განსხვავდება შხამასოკო არყის ძირასგან; რით განირჩევა სოფლის საძვალე და სანებივროდ მორთული კორდი...
სუპერბომბები, სუპერცრემლები და ულტრამოკლე ბედნიერება...
და ჰგავს მეოცე საუკუნე მოზარდს, რომელიც გულგრილად ამსხვრევს სათამაშოებს...
მწვანე ალვების გისოსებიდან დააკვირდი ქვეყნიერებას - იქნებ შენ მაინც გაიგო რამე; რას ნიშნავს სისხლი - აფხაზეთში დაღვრილი სისხლი, ან ცრემლი - სადღაც შორს, შტატებში დაღვრილი ცრემლი...
რით განსხვავდება კრიპუჭისგან - იელის თაფლი, ფუტკრისგან - ბუზი, ვარდისაგან - ანწლის ყვავილი;
მწვანე ალვების გისოსებიდან დააკვირდი ქვეყნიერებას.

5.
ვიღაცა მკლავზე, დაჟანგულ ისრით, წარსულის მძიმე ტკივილებს მიცრის, მაგრამ მე მაინც მაშინებს ომი და უმიზეზოდ დაღვრილი სისხლი.
და დედამიწა, - ვეება ტირი - სადაც გასროლა არა ღირს ძვირი, ვიღაცას ელის, ვიღაცას ეძებს, რაღაცას ამბობს, რაღაცას ყვირის;
და ეს „ვიღაცამ - შენა ხარ იქნებ... შორიდან ცისფერ თავსაფარს მიქნევ; მე დაგახვედრებ ფრესკებს და ძეგლებს, სახლებს და ხიდებს, ჰანგებს და წიგნებს;
სამშობლო - შემოღობილი ღობით! ჩემი სიცოცხლე - სამშობლოს თოფი! არ აუტოკდეს მეომარს ხელი! არ გაიბლანდოს ლულაში ობი!
შენ რით გაარჩევ ჩემსას და სხვისას! შენ რას გაიგებ - რა არის ვიზა! შენთვის ერთია ქვეყანა მთელი: სინათლე მზისა, სიმაღლე ცისა!..
სამშობლო - შემოღობილი ღობით! ფიქრი, რომელიც ვაგროვე წლობით... ჩემი სიცოცხლე - სამშობლოს ფარი! სამშობლოს ხმალი! სამშობლოს თოფი!
უცნაურ ფიქრად მიმძიმებ ფიქრებს; შორიდან ცისფერ თავსაფარს მიქნევ. მე დაგახვედრებ ფრესკებს და ძეგლებს, სახლებს და ხიდებს, ჰანგებს და წიგნებს!..
შენ ოღონდ მოდი!..

6.
... და დედამიწის მოძრაობის საპირისპიროდ - შენს შესახვედრად გამორბის ბავშვი...
ასეთი გრძელი და სუსტი ჩრდილი, და ხმა - ასეთი უცხო და ტკბილი... შენს შესახვედრად მიჰყვება იგი ცისარტყელების გაცრეცილ ბილიკს.
საიდან! როგორ! როგორი! როდის! ჰო, მოდის, მაგრამ საიდან მოდის! იშლება ველზე ყვავილი ეჭვის, ან ვისთან იყო!.. ან ვისთან მოდის!..
მიწა კი ბრუნავს, და ამ ბრუნვის საპირისპიროდ - შენს შესახვედრად გამორბის ბავშვი...
დიიდი, თეთრი პეპლები თმაში; იმედი ეჭვით გაბზარულ ხმაში; თეთრი ღრუბელი ბოინობს ახლა. შავი ღრუბელი ბოლავდა მაშინ.
შენს შესახვედრად გამორბის ბავშვი.
გამორბის ბავშვი.
- ბავშვი!..

7.
მიადე სივრცეს მუცელზე ყური - დედის საშოში ნაყოფი იძრა...


* * *
შორს გადახვეწილ ნოსტელ გიორგის
მწუხარე რითმა: „ნოსტალგია”

„იცოდე, შვილო: ყველა შვილი არაა შვილი!
შვილო, გახსოვდეს: ყველა მამაც როდია მამა!
არ დაგავიწყდეს ბანაობა! ძილის დროს ძილი.
ცრემლის დროს ცრემლი.
მოლოდინი.
ჭამის დროს ჭამა”

გადასწევს ფიქრი მეწამული კარვის ნაკეცებს,
და სამასი წლის სიბნელეში ლექსი დაგეძებს...
მოგიშვერია მომავლისთვის ფერმკრთალი ყელი,
რომ უკვდავება ათრთოლებულ ძარღვზე დაგეცეს...

„გაუფრთხილდი, პაატავ, თავს -
ემუქრება ქარი თავთავს...
ბოლოს ისევ შევიყარნეთ -
თუკი ღმერთი ნებას დაგვრთავს”

სტამბულს გადახვეწილ ნოსტელ გიორგის
მწუხარე რითმა: „ნოსტალგია”..
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:33 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რასულ გამზათოვი:
„ჩემი დაღესტანი”

მიკრულია ცადა
ბუდე შენი - ცადა!
დაჩოქება ჩემი
ხომ ცადამაც ცადა!

წყაროს პირას დახრილს
მესმის ძახილი:
- ლეკი გეპარება
ცხრა ხუნძახელი!

კლდეზე ფეხი არ დამისხლტეს -
გამოვიწყვე „ბოტასები!”
ჩამოვალ და ვნახოთ მერე,
როგორ უნდა მოტაცება!

გამაგიჟებს ეს ხალხი:
ლეკის - კალამი?
ლეკი - ერთი ვიცი მე:
ქვაბის მკალავი!

(ფრჩხილებში ვსვამ იმ დროს
და ვივიწყებ იმ დროს,
ლეკის გაჭედილმა
ლეკურმა რომ მიმტრო...).

მიკრულია ცადა
ბუდე შენი - ცადა!
დამონება ჩვენი
ბარე ორმა ცადა!
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:33 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
როგორც მორევი - ჩუმად და მუხთლად
შენ ისევ მღვრიე ფსკერისკენ მითრევ.
მე მინდა, შენს თმებს ათასჯერ ვუთხრა
ის, რაც ჩემამდე ათასჯერ გითხრეს.

მერე ვიპოვით უბრალო მიზეზს
და დავშორდებით როგორც ბავშვები,
მაგრამ ხსოვნაში ჩავრჩები ისე,
როგორც ჭიქაში - ყავის ნარჩენი...
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:35 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარებისა და მდინარეების ქება
(ნაწყვეტი)

ზენა ქარს, მისტრალს, ტრემონტანას,
ბორიოს, ფიონს,
მისისიპს; ვოლგას; გვადალკივირს;
დუნაის; რიონს -
ქარებს და ქარებს,
მდინარეებს და მდინარეებს
უნდა ბალღივით ავედევნო,
ვდიო და ვდიო...

ალაზანს; მისურს; ტემზას; მისურს;
ამაზონს; მისურს!
ბუდისტის სენაკს, პეტრეს ტაძარს,
ფელაჰის მიწურს
ვესტუმრო უნდა, მოვიხილო
ქვეყანა მთელი!
ვდიო და ვდიო ქარებს, ქვეყნის
კიდემდე მისულს...

მთაში და მთაში ვდიო უნდა!
ველად და ველად!
ვესტუმრო ყველას: მონას, მეფეს,
ბედუინს, ფელაჰს...
ბრიზის სიმარდით გადავუსწრო
აფრიან გემებს,
და სადაც სენა მდორედ მიდის - ვიდინო ნელა...

ისევ წაიღებს ალბათ ქარი
ქარის მოტანილს -
ისევ ჩაესმის ყურს მისტრალის და ტრემონტანის
ოხვრა მწუხარე! სახლზე ამძვრალ
ყველა სახურავს
მე შევაკეთებ: ჩემი გული ახლა მანდ არის!
აელვარდება მზეზე ტალღა წამოქოჩრილი,
და აბზინდება ვერცხლისფერი ზურგი ქორჭილის.
ქარის და ტალღის მუდმივ ლტოლვას ადევნებული
ვიქნები მხოლოდ ქარისა და ტალღის მორჩილი!

მდინარეების და ქარების მე ვარ მდევარი!
მდინარეების და ქარების ღამის მთევარი!
მდინარესავით და ქარივით - ხილულ ნაპირებს
გადასული და კალაპოტში დაუტევარი!

ზენა ქარს; მისტრალს; ტრემონტანას;
ბორიოს; ფიონს...
მისისიპს; ვოლგას, გვადალკივირს;
დუნაის; რიონს -
ქარებს და ქარებს! მდინარეებს
და მდინარეებს
ვდიოთ და ვდიოთ!
ვდიოთ! ვდიოთ!
ვდიოთ და ვდიოთ!
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:37 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შოფერი

შენ შოფერი კაცი ხარ, და ცხადია დუმხარ!..
ზოგჯერ ვერც კი ამჩნევენ, ახლომახლო თუ ხარ!
ალაგებენ პოეტებს ანბანით და რიგით,
სვამენ სადღეგრძელოებს ჯამითა და ჭიქით!
ბრუნვა ოთხი ბორბლის და ბრუნვა წუთისოფლის
შენზე უკეთ ვინ იცის - ეს ბედია შოფრის!
უყვართ შოფრებს გინება! შენ - არც იგინები!
გზას გინათებს შვილების ციცქნა კიკინები.
ზოგჯერ - კუდი ტარანის ან ყირიმულ „ვობლის”
ბრუნვა - წუთისოფლის და ბრუნვა - ოთხი ბორბლის!
მიენდობი შუქნიშანს, როგორც მანიკურშას!
უჩერდები ყოყმანით გადარბენილ ყურშას!
ხშირად, ტალონს რომ უმზერ, შენც გესხმება რეტი:
„რა უბრალო რამეზე! რა იოლად ხვრეტენ!”
მოკლედ გიყვარს მოყოლა მოკლედ საამბობლის!
ისევ - ბრუნვა სოფლის და ისევ - ბრუნვა ბორბლის!
სვამ ღვინოს და სვამ ბენზინს, ჭამ ხინკალს და ტაოტს,
და შენს გულში შენც გლოვობ არტანუჯს და ტაოს!
მოირბინე ქალაქი თავის ოთხივ კუთხით,
მიუტანე „ხაზეინს „მარლბორო და ზუთხი!
საქართველოს ქარი სცემს შენს დაბზარულ „პარპრიზს”
ეს ის გზაა - მთესველი და მეურმე პაპის!
მიუშვირე ჯიქურად სახე მწიფე ხორბლის
ბრუნვას წუთისოფლის და ბრუნვას ოთხი ბორბლის!
თანაუგრძნობს კლასი კლასს და შოფერი - შოფერს:
„ხაზეინის" ლოდინში სეკას თამაშობენ.
შენ - მათთან ხარ ყოველთვის შენი სამი დამით,
წაგებული ყოველთვის, ალბათ - სამუდამოდ!
პურიც - მორჩენილი და ბინაც - მორჩენილი!
სხვის სარჩენად გამხდარხარ ქვეყნის მარჩენალი!

ტიტულს გაძლევ! - სამშობლოს დიდი მიწისმზომლის!
... მარად - ბრუნვა ბორბლის და ბრუნვა წუთისოფლის...
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:38 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნადირობა
(ძველი რვეულიდან)

გუგულების: „გუგუ-გუგუ”
ბულბულების: „ტია-ტიამ.
ველს უყურებ - ლამაზია,
მთას გახედავ - დიადია.
ჰო, რა მზეა,
რა დარია,
რა ტევრია, ჰო, ჰო, ბიჭო!
აიჭრება,
აფრინდება,
ცხრა მთას, ცხრა ზღვას გადაიარს!
მე მგონია, ფრინველებში
ყველას მაინც ხოხობი ჯობს!
ლერწამსა და ვაზის ლერწებს
მზე ღიტინით უალერსებს.
სიცოცხლე დუღს! არ მიხსენოთ
სიკვდილი და დაძინება!
ჩუ! შეგვნიშნა!
აფრთხიალდა!
წამოფრინდა!
დავუმიზნე!
ვესროლე და... სწორი გითხრათ,
არც მწყენია დაცილება!...
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:39 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოცნება

ოცნება ჰერაკლეზე ღონიერია;
ოცნება დიუპონზე მდიდარია;
ოცნება მზეთუნახავზეც ლამაზია;
ოცნება ელვაზე სწრაფია;
ოცნება იმდენია, რამდენიც უნდა;
ოცნება ყინვაში აკაშკაშებული მზეა;
ოცნება კუნაპეტ ღამეში გამოჩენილი მთვარეა;
ოცნება მშიერის პურია;
ოცნება მწყურვალის წყალია;
ოცნება ღატაკის სასახლეა;
ოცნება პატიმრისთვის ქალია;
ოცნება თითქმის ბედნიერებაა
სხვა ბედნიერება არ არსებობს!
ოცნება ყველაზე მაგარი მსმელია!
ოცნება ყველაზე კარგი დამრტყმელია;
ოცნებას ყველა ვალი გასტუმრებული აქვს;
ოცნება ცალმხრივი სიყვარულის წამალია;
ოცნება სამართლიანი შურისმაძიებელია;
ოცნება ყელზე ადგას რეალობას;
ოცნება ფანტაზიის სისხლით ნათესავია;
ოცნება ერთადერთი თავისუფლებაა;
მეოცნების არც გამოსწორება ხერხდება,
არც დამარცხება;
ოცნება და ღიმილი განუყრელნი არიან...

კაცი რომ მიდის ქუჩაში და იღიმება,
თქვენს გაკვირვებას ნუ გამოიწვევს
იგი მთელი სამყაროს პატრონია!
იგი ბედნიერია!
 
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ძებნა:

მოგესალმები Гость