ტარიელ ჭანტურია - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ტარიელ ჭანტურია
nukriaДата: ოთხ, 31.10.2012, 19:38 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

გშვენის ლოყაზე ხალილუია...

გშვენის ლოყაზე ხალილუია...
მწვავს მიჯნურობის ალილუია...
და არსად არის წყალილუია...
ალილუია!
ალილუია!

რკინა ხარ, კლდე ხარ, სალილუია...
მენგრევა ხერხემალილუია...
აჩენს სიცოცხლეს ქალილუია...
მოსპობს იგივე ქალილუია!
ალილუია!
ალილუია!

შენთვის ვიქნიე ხმალილუია!
ვკვეთე ხორცი და ძვალილუია!
დღეს თვითონ მე საწყალილუია
ვკვდები, გშორდები! ალილუია!
ალილუია!
ალილუია!

დახურულია ჩალითლუია
ქვეყანა! ნაპერწკალილუია
საკმარისია, ალილუია
რომ აბრიალდეს! ალილუია!
ალილუია!
 
nukriaДата: სამ, 07.05.2013, 23:15 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ყველანი სახლში არიან...

ახლა ყველანი სახლში არიან,
ქარგავს დაიკო ტილოზე კენტავრს,
და ერთად ყოფნის სითბო და სევდა
რეკავს... ეს ზარი _ მუნჯი ზარია...

და ყველაფერი, რაც გიხარია,
რად გიხარია _ არ იცი თავად,
მე წავალ სადმე... ყველანი წავალთ...
ჯერ კი ყველანი სახლში არიან....
 
nukriaДата: ოთხ, 26.06.2013, 22:05 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე აგარიდე ფეხი, გვირილავ,
წამოგიქროლა,

ქარმა გაგთელა,
რა იოლია
სხვისი ტკივილი,
რა ადვილია
სხვისთვის სათქმელად!
 
nukriaДата: კვ, 07.07.2013, 19:13 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვარლამიე მომკვდარა!
_ კი-კი! შეთე მომკვდარა!
_ როის, კაცო?
_ ამ დილას!
_ დიდი საქმე მომხდარა!

_ ვარლამიეს გულობიზა
სანამ ცრემლებს დაღვრიდეთ,
გეიხსენეთ, მაგის ბიჭი
რა უღმერთოდ დახვრიტეთ!
გეიხსენეთ, მაგის ცოლს რომ
თავი მოაკვლევინეთ!
საგიჟეში საწყალს ფეხი
თქვენ არ შეადგმევინეთ?
_ ჩვენ გვაბრალებთ ახლა მაგას?
_ კი! მთელ ქალაქს, მთელ სოფელს _
ნათესავებს, ნაცნობს, უცნობს,
მოკეთეს და მეზობელს!
_ ჰოდა, აგერ _ მომკვდარა!
_ სოფლის გიჟი მომკვდარა!
_ ნეტა თვითონ თუ გეიგო?
_ რას გეიგებს, მომკვდარა!

_ ვარლამიე მომკვდარა!
_ დიდი საქმე მომხდარა!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:43 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ავარდა დოლარის კურსი,
ისევ დაეცა მორალის კურსი!

ისევ გულდაგულ ითვლება ფული!
ისევ ზერელედ ითვლება პულსი
რა ხდება, ნეტავ, ქართველის გულში,
რა ხდება, ნეტავ, ქართველის სულში!
გოდებს აკაკის ღვთიური ქნარი
და ფიროსმანის გამშრალი ფუნჯი!

სამშობლო ჩემი ვერ ხედავს თვალში,
სამშობლოს ჩემსას არ ესმის ყურში,
ეს მზე, ეს მზე თუ უშველის, ანდა
ეს ცა, ეს ზეცა - სუფთა და ლურჯი! -
ფერი, რომელიც არ არის არსად,
ფერი რომელიც არ არის ლუვრში...

რამდენი ბრიყვი შეცურდა ფულში!
რამდენ გენიოსს გაუშრა ფუნჯი!
გამაგებინა, ვიცოდე მაინც -
საწყალ სამშობლოს რა უდევს გულში!
...................................................
ისევ ავარდა დოლარის კურსი!
ისევ ავარდა პოეტის პულსი...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:43 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

შინაბერა დობილის ლექსი
თითქმის ექსპრომტი. თითქმის დაკვეთით:
„ - ბიჭო, მეც მომიძღვენი ერთი ლექსი”).

გულდაწყვეტილი გაჰყურებ
ამურის ისრებს აცდენილს...
გრძნობ: ვეღარასდროს გაცდუნებს
ბრძნული სურვილი შეცდენის...
ჩაკეტილს საგულდაგულოდ
არც მზე გაკლია, არც დენი...
მაინც წუხილი არავის
ჰქონია, ალბათ, ესდენი...

ბოლავენ სინანულები
ოცდაცამეტი უარის...
დარდისგან დამეხილი და
დაღლილი დუმს ბუდუარი.
თუ გსურს! ან როსმე თუ გსურდა!
თუ იცი! ანდა თუ არის!
რა ყოჩაღია სატანა,
ღმერთი რა უღმერთო არის!

რამდენი ცრემლი გაწვიმდა,
რამდენი ფიქრი გათოვდა!
„ჰკითხე, თუ და ხარ, იმ ჯოჯოს
რა იყო... როგორ გათხოვდა...
შენ ვინ გეტყოდა, საბრალოს
ზოგჯერ რომ შუქიც ჰყინავდა...
შენ რა იცოდი, გულჩიტა”
ზოგჯერ ყინულიც ათბობდა...

ცრემლი, წაშლილი ცრემლებით,
ალერსი ალერსითვე...
შენი საბნები ვრცელები
ახურავს მხოლოდ მზითევს...
ბჟუტავენ სინანულები
ოცდაცამეტი უარის!
რჩეულთა დამწუნებელი
დგახარ და ელი უარესს.

არ გყვარებია ზოგივით
საცქერლად ჩხუბი მამლების!
სხვამ საიდუმლო ამდენი
ვინ იცის ღვთიურ წამლების!
მარად ბალღობის ნატრული
ხან „ვრანგლერს” იცვამ, ხან „ლევისს”
მაგრამ გაცვია ორივე,
როგორც მონაზონს ხამლები!

არავინაა შენს მეტი
ოჯახში ქათმის დამკვლელი!
დედას რომ სევდა აიტანს
მისთვის გიტარის დამკვრელი!
მომტაცებელი არსად ჩანს
მშობლისთვის შენი წამგვრელი!
სიხარულები ცოტაა,
ტკივილი თავზე საყრელი!

ხელი რომ უმცროსს ეთხოვა
არ წაყვებოდი! ხომ არა?
გაიცინებდი: „ჰაეჰაეჰა!
რა ხარ! ნამდვილი ხუმარა!”
რომელი ერთი გიხსენო:
ბაწელა! კოშკა! ომარა!
ჰოდა, იყავით ახლა შენ
და შენი სევდის ტომარა!

მეტყვი: „დობილი არა ის!
მე ვარ ნამდვილი დებილი!”
მე კი მსურს, შენი და მხოლოდ
შენი ვთქვა სადიდებელი!
ჭკვიანო, ზრდილო, კეთილო,
მაღალო, უხვო, მდაბალო,
დიასახლისო უბადლო
და დაო ჩემო, დაბოლოს!

არა დუბლიონკით, კაბებით
ან ინგლისური ტუფლითო,
მიჯნური ღონიერია
მხოლოდ და მხოლოდ უფლითო!
ეს რა წესია, უფალო,
ჩემს დებს გულები უფლითო!
რა მდორედ მიედინება
დღეები, წლები უფლირტო!

ხომ გიყვარს, ხომ ეფერები
ჩვენს შვილებს „უპერანგოებს!”
მათ შამპანურებს, „კონოებს”,
ანანასებს და მანგოებს!
კვნესიან გაზაფხულით და
ვნების ბურანით მთვრალები,
და ბჟუტავს ფრაზა ხსოვნაში:
„დაგეფსოთ კაცებს თვალები!

ჩემს ცხოვრებაში პირველად
ვწერ ამ ლექსს ასე დაკვეთით!
მე ვენაცვალე ეზოებს,
შენგან დაგვილს და დახვეტილს!
მე მიყვარს შენი სტუმრები,
მზადება მათი დახვედრის,
და მკლავზე მთვრალის პოტინიც!
ქვეყნად ბევრია თავხედი!

ჭირიმე შენი ხალების!
ჭირიმე შენი ფხალების,
შენი იაფი ბეჭდების
და ყალბი ფირუზელალების!
ჭირიმე შენი ჩურჩულის
მუდამ მართალი ჭორების,
შენი მზითვების სათრევად
გამზადებული ჯორების!

დღეებს გალევდი ლოდინში
ვიცოდი, ვგრძნობდი, გატყობდი
ვინც არ მოგწონდა, იმაზე
არც ოცნებაში გათხოვდი!
ის გიყვარს, ვინაც გიყვარდა,
მას ეძებ, ვისაც ეძებდი!
შური შურთ შენი ტორტების
და „ჟოზეფინას” რეცეპტის!

შევხარი გულში შენს „დუხებს”
და წელთა მიმოტანას,
გულში შენს ნაცვლად დავიცემ
აბესალომის დანას,
სულ გადავრეკავ მაგ რეგვნებს
გლერტა ბალახის მძოვლებს
ითაკელ სასიძოებზეც
უნიჭო სასიძოებს!

ხარ პენელოპე უქმარო
მოლოდინების მქსოველი,
მთვარის ცქერაში გაშრება
თვალი, მსუბუქად სოველი...
დაო, იმედო, მევალევ,
ვერ გაგისტუმრეთ ვალები!
ჩემს ძმებს, ძმაკაცებს სუყველას
დაეფსოთ კაცებს თვალები!

გასრულდა ესე უსტარი
შარბათი კურცხალნარევი
ზედ გულზე დასასობელი
უწყალო, ეკალენარივით!
კაცი არ შემხვდა ბოლო დროს,
ღირდეს პომადის წასმადო!
ამ ფრაზას შენი ტარიელ
ხუმრობად გითვლის, ასმათო!

ახლაც გიხსენებთ მთვრალები!
დაეფსოთ კაცებს თვალები.
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:44 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საყოველთაო სიყვარულის ახსნა

სულ ერთია, ვინა ხარ! სულ ერთია, ვისი ხარ!
ნესტანი ხარ, ფატმანი, იზოლდა ხარ, ვისი ხარ!
მეფე თინათინი ხარ თუ მოახლე თინა ხარ!
კინოვარსკვლავი ხარ თუ პრიმაებალერინა ხარ!
ნამდვილი ხარ,
თიხის ხარ,
ქვა ხარ,
კერამიკა ხარ!
სულ ერთია, მომწონხარ! სულ ერთია, მიყვარხარ!

ვის მიემთხვე მიჯნურად - სპასპეტსა თუ ქონდაქარს,
ვენერა ხარ, თამარი, ნინო ხარ, ჯოკონდა ხარ,
ჯილდა ხარ თუ ასმათი, ტონკა ხარ თუ ურსულა,
ინგლისურად ღიღინებ, თუ ჩურჩულებ რუსულად,
ამერიკელი ხარ თუ ბელგიელი ფრანგი ხარ
ერთნაირად მომწონხარ, ერთნაირად კარგი ხარ!
რა ხარ ღვიძლი მოსისხლის? დისშვილი ხარ? თუ და ხარ?
დამსკდარი ბროწეული, მოწეული თუთა ხარ,
ხუთივე კონტინენტზე გაფენილი საბნებით,
პრემიებით, მედლებით, ჯილდოებით, დაფნებით
ვინ ხარ ვაშლოვანელი? იქნებ ორლეანელი?
ერთნაირად რად უდის თმას სურნელი ვანილის!
იზოლდა ხარ, ნესტანი, ჯოკონდა ხარ, ვისი ხარ!
მე არ ვიცი, ვისი ხარ! მე შენ გულში მიზიხარ!
თვალი თუ გავახილე, ზედ წამწამზე მიზიხარ...

ათინა ხარ, ჰერა ხარ, ბრუნეტი ხარ, ქერა ხარ,
გიჟი სიხარული ხარ, ავი ბედისწერა ხარ,
მონასტრების მწირი ხარ, თუ როკეჯგუფის წევრი ხარ,
ზღვის კენჭებით ხატიხარ თუ წიგნებში წერიხარ,
მერე რა, რომ თეთრი ხარ, მერე რა, რომ სხვისი ხარ,
მერე რა, რომ შავი ხარ მე შენ გულში მიზიხარ!
მე არ გკითხავ, არც შენ თქვა, რა ხნის, რა ასაკის ხარ,
პაწაწინა სარკის ხარ თუ ვეება სარკის ხარ,
მთვარის ზედაპირზე ხარ, თუ შორს მთვარის მიღმა ხარ.
სულ ერთია, ახლოს ხარ... რა თქმა უნდა, მიყვარხარ...
გამოუცნობ ღიმილით, გზისპირ ჩულქის სწორებით,
მძივებივით ასხმული უწყინარი ჭორებით,
ვერცხლის საყურეებით, ოქროს სამაჯურებით,
და მზითვების სათრევად გამართული ჯორებით...
სხვა ჟანრია ეს ლექსი! ძველმოდური ოდაა!
მაგრამ ვხედავ სუსტია! ახლა ვიცი - ცოტაა!
რაც კი ქვეყნად სიტყვაა სულ საალერსოდაა!
შენს მშვენებას უდრიდეს ეპითეტი სადაა...

ნონა ხარ თუ ნანა ხარ, მაია ხარ, ნანა ხარ,
მისტრალი ხარ, ემილი, მარინა ხარ, ანა ხარ,
ქალი ხარ თუ ქალღმერთი, მიწის ხარ თუ ცისა ხარ,
მთელი ჩემი ცხოვრება მე რომ მიყვარს, ისა ხარ!
თბილისელს თუ მადრიდელს, სამოსელს თუ რუანდელს
სხვას არ ვიცნობ შენს გარდა, არანაირ ჟრუანტელს!
შენთვის მოძღვნილ ვარდების, შენთვის მოძღვნილ ტიტების,
შენთვის მოძღვნილ იების მომფერებელ თითების,
მიყვარს ფერი სისხინა ბზინვა მანიკურების!
ვერც ფიქრებით ვძღები და ვეღარც შენი ყურებით!

იზოლდა ხარ, ნესტანი, ჯოკონდა ხარ, ვისი ხარ!
მე არ ვიცი, ვისი ხარ!
მე შენ გულში მიზიხარ!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:44 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორი საბანი
ლოლა ს...ს

სიყვარულსაც და სიკვდილსაც - ორივეს უყვარს წოლა!
ცრემლები იცის ორივემ ვეება, მუშტისტოლა!
სულყველა მისი მონაა ხელმწიფეც, მღვდელიც, მოლაც,
ჯარისკაციც და სარდალიც...
შენც იმათ შორის, ლოლა...

სიყვარულსაც და სიკვდილსაც
უყვართ, შენსავით, წოლა...

და სიყვარულის სასმელი სულ რომ ჯამებით ისხა
რაც პირველ ღამეს დალიე, ბოლო ღამემდე ის ხარ.
ცხრა ცხოვრებითაც იცხოვრო, ცხრა ლომს რომ ეჯდე ცოლად,
იმ ერთს შერჩები ბოლომდე ვეფხვის ნახტომზე ზოლად...
სიკვდილესიყვარულს - მშვენებას (თუმც ცალი თვალით ელამს)
რას მოუხერხებ... შეეშვი მაგ კონიაკს და „ელემს”,
თავს ნუ მოიკლავ, ნუ იზამ, სიგარეტით და ყავით,
ისეც მოკვდები სიკვდილის და სიყვარულის ზავით
აკი გითხარი ორივეს საშინლად უყვართ წოლა,
როგორც შენ გიყვარს... ან უფრო სწორად - გიყვარდა, ლოლა...

სიყვარულსაც და სიკვდილსაც
ორივეს უყვარს წოლა...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:45 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თოვლიანი ზამთარი. საღამო

მიდიხარ თოვლში თოვლივით კარგი
და კარგი ბიჭის ერთგული ცოლი,
და სუსტი მხრებით შენ მიგაქვს ხარკი
ათასი ბიჭის ნასროლი თოვლი.

გამახსოვრდება გაშლილი მხრები...
გაკრთობს ქუჩაში ნაპოვნი ვნება,
მაგრამ ოჯახში იოლად თბები...
და სხვისი თოვლიც... იოლად დნება.
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:45 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნასვამი ლექსპრომტი

ხარ მადონა მეგრელი! ხარ მადონა ოდიშელი!
ხარ მადონა უბადლო თავად სანდრო ბოტიჩელის!
შენი სუფრა მაგიჟებს სავსე დელიკატესებით,
სავსე სანელებლებით ტკბილმეგრული ბოდიშებით!

გეხვევიან ბავშვები! თურმე ჰაეჰა ბადიშები!
შეგვაწუხე პირდაპირ ტკბილკოლხური ბოდიშებით!
ნეტა, ერთხელ ენახე რას იტყოდა ბოტიჩელი!
ვენერა ხარ მეგრელი!
უფრო ზუსტად ოდიშელი!
 
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ძებნა:

მოგესალმები Гость