სოსო ნადირაძე - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: კვ, 03.06.2012, 14:09 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

დიდება შენ ბეთლემო,
უფლის ნამოსახლარო,
შენს თაღებში მეტყველებს
ღვთაებრივი სამყარო.

ჩვენ უბრალო მოგვნი ვართნ
ვარსკვლავის კვალს მივყვებით,
შენს განთიადს ატყვია
მაცხოვარის ფიქრები.

შენზე უკეთ ვინ იცის,
კურთხეულო ქალაქო
როგორ შეხვდეს იესოს,
ღმერთს ვით ელაპარაკოს.

შენზე უკეთ ვინ იცის,
წვიმაა თუ ქარია,
მტრისგან დევნილს ეგვიპტით,
ვით წარუძღვეს მარიამს.

შენზე უკეთ ვინ იცის,
განშორების წუხილი,
შენს კედლებში გაისმის
ჯვარცმის ჭექა-ქუხილი.

შენ მომსწრე ხარ აღდგომის,
შენ ღვთის რწმენით გასძელი,
შენ გალავნად გარტყია
ამაღლების ნათელი...
 
nukriaДата: კვ, 03.06.2012, 14:16 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ფურცელს მიეცი
ბოლო ძალებიც,
შენც დაიღალე
ბოლოს და ბოლოს,
ყველა ლექსით და
ყველა ტაეპით
შენ მადლობის თქმა
გინდოდა მხოლოდ...
 
nukriaДата: კვ, 03.06.2012, 19:24 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ასე მგონია სიო ბრაზობს,
შრიალი გააქვთ აგარაკებს,
ახლა ფოთოლიც ჩიორასთან,
ქარის ენაზე ლაპარაკობს...

მთა არის ჩემი პირამიდა,
საგზალი მაქვს და მხარზე ტიკი,
მდინარის ნაბიჯს მივყვები და
ვერთობი წვიმის ართმეტიკით.
 
nukriaДата: კვ, 03.06.2012, 20:24 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ჩუმი ტკივილი
ბევრჯერ ნიღბით
შევაფერადე,
ის ჩემში ცოცხლობს,
ვიდრე ფურცელს
დაეწვეთება.
ლექსს ურჩევნია
უხილავი იყოს
ყველასთვის,
მაგრამ რაღა ქნას,
როცა სულში
ვეღარ ეტევა...
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 15:18 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

სასაცილო ვარ,
ქარი მითვლის
უკვე ნაოჭებს,
და ბედისწერას
ხეიბარი
მივდევ მუნჯივით,
ქუჩა ხე არის
მე ფოთოლი
და რომ არ მოვწყდე,
მტვრიან ქვაფენილს
მთელი ძალით
ვებღაუჭები...
 
nukriaДата: ოთხ, 06.06.2012, 19:21 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამერიკელ დედას

მეგობარს როვენა ნაჯაფს

თითქოს სამყარო რკინის ქალია,
მაგრამ ნაზია, მაგრამ არ იტყობს,
მომენატრება ხშირად ძალიან,
ამერიკელი ჩემი დაიკო...

კვლავ მოიკითხავს ქართველ პოეტებს,
თითქოს ლოცვაში მესსა გასრულდა,
ამერიკელი დედა ყოველდღე
საქართველოზე ფიქრობს ქართულად...

დღესაც მინდვრებში ჰყვავის ყაყაჩო -
- ჩემი სამშობლოს გულისტკივილი
და საქართველოს ლოცვით დარაჯობს
ამერიკელი დედის ღიმილი...

თითქოს სამყარო რკინის ქალია,
მაგრამ ნაზია, მაგრამ არ იტყობს,
მომენატრება ხშირად ძალიან,
ამერიკელი ჩემი დაიკო...
 
nukriaДата: ოთხ, 06.06.2012, 19:22 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცირკის მასხარა
––––––––––––––––––––
სახეს დამანჭავს,თმებს აიშლის,თვალებს მილულავს,
გულს, როგორც მარტივ სათამაშოს ნორჩებს გაუწვდის,
არ გამოიხმობს ბნელეთიდან ძალებს იდუმალს
მოხუცი-ბავშვი მოყვარული აურ-ზაურის...

წელში მოხრილი გაუღიმებს ცირკის ქომაგებს,
დიდი მასხარა ჭრელ სამოსში გამოწყობილი,
ათასი შუქის ელვარება მზერას მოსტაცებს,
ბედისწერის ხაზს გაუყვება, როგორც ცდომილი...

ის წარმოდგენას მაწანწალის სახით წარმართავს,
რომ გაუღვივოს სიამაყე მოდგმას ადამის,
მათხოვრის ხონჩას მიიმაგრებს ძონძის ქამართან,
ბანჯგვლიან ხელით სასაცილოდ დათვლის ათამდის...

მხოლოდ ბავშვები გაუგებენ მოხუცს სიცელქეს,
არ დასჭირდებათ მის თვალებში ძიება სიღრმის
და როცა კოჭლი უკანასკნელ ცეკვას იცეკვებს,
ტაშს დაუკრავენ კაცს უნიღბოს, კაცები ნიღბის...
 
nukriaДата: ოთხ, 06.06.2012, 23:35 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
888

ჩაივლიან საოცრად
შეუცნობი დღეები,
ეს მანძილიც სამყაროს
ცრემლიანი წვეთია,
ისევ ადიდებულან
ქარის მდინარეები,
და ვაგრძელებთ
მიწაზე - ქარის
ფსკერზე ხეტიალს.
 
nukriaДата: ხუთ, 07.06.2012, 13:43 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

სამყარო შუბს და
ქარის წისქვილს
ვეღარ შორდება.
უკვე შენც ქართულ -
-ლამანჩურად
აგებ დიალოგს,
ეკლიან ტანზე
დაღმუიან
ქარდიდობები
და დედამიწა
ქარის ფსკერზე
დახეტიალობს..
 
nukriaДата: პარ, 08.06.2012, 00:47 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ციკლიდან ებრაული მოტივები
------------------------
მოსე

ეგვიპტემ კალთა გადაგაფარა,
ამოგაბრძანა წყლიდან დუმილით.
და ფარაონის პირქუშ დარაბებს,
შემოაქსოვა ღმერთის სურვილი...

რწმენას გალავნად შემოიშენებ,
უდაბნოს სიცხეს მხრებით აზიდავ,
და გაუყვები გზას ფეხშიშველი
ცეცხლმოდებული მაყვლოვანიდან.

წმინდა ბაგიდან ისმის ოსანა,
ლოცვად უფალმა რომ შეიწირა
და მარჯვენაში, ვით გამოცანა
კვერთხი და გველი ერთად გიჭირავს.

კლდედ შეიკვრება ტალღის სიმკაცრე,
იღაღადებენ ფეხქვეშ ხნულები
და ფარაონის რისხვის წინაშე
აღსდგები დიდი სასწაულებით.

ღვთიურ მანანას მოელი ოდენ,
რწმენით მიიკვლევ ფერდობს ნისლიანს
და ბილიკებზე ტანჯვად რომ მოგდევს
შენი გვარტომის ცხელი სისხლია.

ყველა ნიშანი მკაცრად სრულდება,
ყოველ მაღლობზე უფლის ხელია
და წინ მიგიძღვის მტრედის გუნდებად,
რაც ცაში ლოცვად აღგივლენია.

ღმერთს ემსგავსები ასე თანდათან
და სახე, წვერით შემობურული,
სათნო გაქვს, როგორც პურის მანანა
და ჟღალი, როგორც მწყერის ბუმბული.

ზეცა ენთება, მიწა ზანზარებს,
სიტყვა ბუბუნებს, როგორც გრიგალი
და სინას მთიდან ღმერთის ანარეკლს
ძირს ჩამოიტან თეთრი ფიქალით...

ნოე და ცისარტყელა

როცა უეცრად წამოიწვიმებს,
ჭექა-ქუხილის ხმა,რომ მომესმის,
პატარა წვეთშიც ვხედავ, ტივტივებს,
ხის კიდობანი წმინდა ნოესი...

როცა მანძილი დაიტალღება,
ცხვრის ფარით,რემით,ჯოგით,ნახირით,
სივრცეს მწყემსივით კვალში დაჰყვება
ნოეს კიდობნის გამოძახილი...

საბძელს,საქათმეს,ბაგას,სახბორეს,
ნალიას,მარანს,ვენახს ლერწმიანს,
კედელზე,ჭერზე,კარზე, ხაროზე,
ნოეს კიდობნის სხივი შერწყმია..

რაც ბორცვებია და რაც მთებია,
რაც მწვერვალია ცისკენ წასული;
ცივ წყაროებად გადაქცევიათ
ტანი კიდობნით ჩამოკაწრული...

ღვინოს წურავენ ჩვენს დროშიც ბევრნი,
ეფერებიან ვაზებს ასწლიანს,
და ღვინით სავსე ყოველი ქვევრი
ნოეს ქვევრების ზუსტი ასლია...

ვერ შეაჩერებს წვიმას ვერავინ,
ნაპრალს დაეძებს ლერწმის რტოებში,
რომ დაიღვაროს,როგორც მელანი
ფურცლის იდუმალ სიმარტოვეში

ფოთოლზე ერთი წვეთი კიაფობს,
ცვარი ციმციმებს ვარდის ფურცლიდან,
და ხელში " ღმერთთან მებრძოლ იაკობს",
წვიმის შვიდფერი დროშა უჭირავს.

ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს,
მზე მხატვარივით არის გულჩვილი
და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს,
ტანზე აშრება სველი ფუნჯივით.

წმინდა აბრაამი

გზა ღმერთის რწმენით არის ნალესი,
შვილიც აბრაამს მისდევს ცისაკენ,
და დღესაც ყველა ბაშვის თვალებში
ღმერთის მოშიში ცელქობს ისაკი...

თბილისს ჩაესმის ლოცვა რაბინთა
და იფანტება დარდი ნისლივით
და დღესაც ყველა დედის ბაგიდან
გაოცებული სარა იცინის...

სიმონ კრიხელს

კეთილი გული ძმობისკენ გიწევს,
ყველაფერს სწირავ ღმერთს და მშვიდობას,
და საქართველოს შეჰხარი ისე,
როგორც კურთხეულ ნოეს კიდობანს.

მჯერა უფალი ჩვენც შეგვიბრალებს,
ცაზე ანთია მოსეს ღიმილი
და ვხვდები ახლა ნამდვილ ებრაელს
გული რად უცემს პილიგრიმივით...

ბიბლიური იოსები

ხანდახან ტყესაც შეაჟრიალებს,
ძნა წამოიწევს ხოლმე ძნებიდან
და ნაპურალში ისევ შრიალებს
სიზმარი წმინდა იოსებისა...

წუთისოფელი ვის არ გამოცდის,
ძმებს ხომ ღვიძლი ძმა განუძარცვიათ,
და იოსების ჭრელი სამოსი
უდაბნოს ცოდვილ ტანზე აცვია...

დღე ფარაონის ერთ სიზმარს მოჰგავს,
ვითვლი წლებს ორჯერ შვიდად განაყოფს
და ვხედავ შვიდი ხორცსავსე ძროხა
ჩვენს საძოვრებზეც მშვიდად ბალახობს ...

ძმა მოგადგება ერთხელაც ურმით,
საწუთრო თურმე ამისთანაა
და იოსების ნაკურთხი პური
ტაბლაზე უდევს დღესაც ქანაანს...

ერუშალაიმ

ერუშალაიმ-სულო ადამის!
ერუშალაიმ ტახტო-დავითის!
უდაბნო გწვავდა?!-მაინც გამრავლდი,
მტერი გმუსრავდა?!-მაინც განდიდდი,
ერუშალაიმ-სულო ადამის!
ერუშალაიმ ტახტო დავითის!

ერუშალაიმ, მზე რომ გეხილა!
რომ არ ჩაექროთ შენში ნათელი!
წარღვნის დროს მოხუც ნოეს ეჭირა
დაღლილ ხელებში შენი თაღები.
ერუშალაიმ მზე რომ გეხილა!
რომ არ ჩაექროთ შენში ნათელი!

ერუშალაიმ-მტრედო, სამოთხევ!
ერუშალაიმ-ბაღო ოცნების!
შენ მონობიდან მოსეს გამოჰყევ,
გადმოიარე ცეცხლის ბორცვები,
ერუშალაიმ-მტრედო, სამოთხევ!
ერუშალაიმ-ბაღო ოცნების!

ერუშალაიმ-უფლის გვირგვინო!
ერუშალაიმ-გზაო სიმართლის!
თავზე რომ მტრედმა გადამიფრინოს,
შენი სულია, თუ ათინათი?!
.............................................
შენი სულია თუ ათინათი???

დავით მეფსალმუნე

მეფეო, ცრემლებად გექცევა ქორწილი,
მსჯავრსა გდებს ნათანი,მტკიცე და კეთილი
და ფსალმუნებიდან გიყურებს მორჩილად
ერთგული თვალები ურია ხეთელის...

მეფეო ოცნება ზეცაში მიტაცებს,
წარსულზე ვფიქრობ და სულ ასე მგონია,
დავითის შურდული განგმირავს იმ წამსვე,
თუ სადმე წავაწყდი მრისხანე გოლიათს...

იავნანით გამომზარდა ძიძამ

ეძღვნება გერშონ ბენორენ-წიწუაშვილს
----------------------------------
ტკივილებით გამაჩინა დედამ,
იავნანით გამომზარდა ძიძამ,
ისრაელის მაღალ ზეცას ვხედავ,
საქართველოს მოწმენდილი ციდან...

სიხარულით მივუყვები შუკებს,
საფიცარი სამშობლო მაქვს ორი,
ეს გული კი ხიდად გავდე უკვე
ისრაელს და საქართველოს შორი
 
ძებნა:

მოგესალმები Гость