საშა გველესიანი - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
საშა გველესიანი
nukriaДата: ოთხ, 25.02.2015, 13:57 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იეროგლიფები...

ღარიბთა უბანი... ათოვს
და უბერავს...
უბრალო ჩრდილები, ხაზებად,
მრუდებად...
სადაც სიღარიბე გაგონებს
ბუმერანგს
და სადაც დროდადრო
იმედიც ბრუნდება.

***
კერასთან მე და შენ...
პატარა ოთახი...
ავეჯი მარტივი, ხელით
ნაკეთები...
გული ცემს, რაღაცით ჰგავს
ჩიტის მოძახილს...
მე, განგებ გაბრაზებ,
შენ, ნელა ენთები.
თითებით გიწურავ მოპარულ
ბროწეულს
და შენი წარბების
იეროგლიფები
საკურას ყვავილს ჰგავს,
ქარისგან მორწეულს...
პატარა ოთახის
უბრალო ტიპები.
ძლივს, წარბი ასწიე
(მე მიყვარს ეს წამი)
როგორც ალს, ფარვანა, ვერ გთმობ
და გაღვივებ,
მშვილდივით იხრება
სხეული - ლერწამი,
ალს ჰგავხარ... მე - ცეცხლის
ამბოხით ნაღვინებს...

***
და ჰგვანან სახლები,
იეროგლიფებით
თეთრ თოვლზე დაწერილ
ტრაგიკულ ბარათებს...
და სადაც, თოჯინებს,
პატარა ღიპებით,
ოსტატი ღიმილით
გამოახარატებს.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:01 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენს ჩრდილში...

შემისისხლხორცდი ბედისწერაში
და სული გნატრობს, გლამობს სხეული,
შენს ჩრდილში, როგორც გიჟი, პერანგში
უნუგეშოდ ვარ გამოხვეული
და მელანდები, ცათ მინაგვარი,
ატმის კვირტივით თვალებფოფინა,
შეყვარებული არის ანგარი
შენთან ყოფნა რომ ვერ იმყოფინა.
დრო სადღაც მიდის ძველი ვაგონით,
პირველი სიტყვა სადაც გადათქვეს,
ვინაა ჩემი ფიქრის გამგონი,
შეამწიფდება ყანა მკათათვეს.
იქნება ღელვა მძიმე თავთავთა...
მინდა ხორბლისფერ ზღვაში ვცურავდე,
მხურვალე ტანზე ცვარი გათავდა,
ავყვები ალვას ღრუბელთ ცურამდე
და მოგიმარჯვებ წვიმას თავნებას,
რომ დაგალბობს და დაინამები,
არ გავიხსენებ არც დანანებას,
არც მონატრებას... არის წამები,
გინდა, უდროო დროთამაგვარი
ალერსის მიღმა არას ხედავდე,
შეყვარებული არის ანგარი,
თვით არყოფნიდან დაძახებამდე.
ვცოცხლობ შენს გამო და ვეღარ ვკვდები,
შენით მშიერი, შენით ხმეული...
შენს ჩრდილში, ჩემო, ღამით ნაგდები
შეშლილივით ვარ გამოხვეული.
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:17 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯამბაზი

სანამ ბავშვებით გაივსება
დიდი დარბაზი,
მე მოგიყვებით ჩემზე,
თუკი საუბარს მაცლით,
ვაღამებ როგორც, მხიარული,
ცირკის ჯამბაზი,
ვათენებ ღამეს, სევდით სავსე
პატარა კაცი.
არ მაქვს სახელი, ნუთუ თქვენთვის
არავის უთქვამს...
თუმცა ვინ იცის, რამდენ რამეს
არ აქვს სახელი,
მეტყვით, რა ჰქვია, ვერცხლის ფასად
გაყიდულ უფალს?
ან ჩუმად ნათქვამ აღსარებას,
სხვისთვის გამხელილს!
თუნდაც სიჩუმეს, სიბნელიდან
შლეგივით მყვირალს,
მთვარე ხელში რომ შემოემსხვრათ
ტირიფის ტოტებს,
სახელი არ აქვს, როცა ლომი
გადადის ყირას,
ხომ არ დაგღალეთ?
-მომიტევეთ, ფიქრი არ მტოვებს.
გონება ცოტა არეული მაქვს
და შემინდეთ,
ვბერდები, მალე არენიდან
გამაცილებენ,
ყმუილზე შეკრთით? - მგლის ლეკვია
და არ შეშინდეთ,
რადგან ვერ გაწრთვნეს,
გალიაში აშიმშილებენ.
როცა ვიღლები, მახსენდება
ღიმილი ბავშვის,
ერთმა პატარამ, ამას წინათ
ჯოხიც კი მომცხო,
თქვენც გაიღიმეთ ბატონო და
სული ფრთებს გაშლის,
დაბადებიდან სიკვდილამდე
ღიმილით ვცოცხლობთ.
მახსოვს, მამისთვის რომ ვიყავი
-პატარა ხვითო,
სახლში თბილოდა და ბუხართან
ყვებოდა ამბავს,
ჩემი ჯამბაზის სამოსელი
შევკერე თვითონ,
დედამ მასწავლა... მეც უძილო
ღამეებს ვლამბავ.

ზოგჯერ წავთვლემ და მერცხალივით
დავფრინავ ცაში,
უფრო კი მღვიძავს, სანთელივით
მეც ვიღვენთები,
წვიმის ხმა ზოგჯერ, სახურავზე
მგონია ტაში,
ჩემს სიმარტოვეს რომ უკრავენ
წვიმის წვეთები.
ვბრუნდები შინ და ცივ საწოლზე
ვემხობი პირქვე,
აცეკვებს ჩრდილებს სანთლის ნამწვი,
უღონო ალით,
ვათენებ ღამეს სიგარეტით,
მარტო... და იქვე
დგას ჩემი სული, დატანჯული
თამბაქოს კვამლით.
უნდა წავიდე, დაფდაფები
უკვე მომართეს,
რამდენი რამე ვერ გითხარით,
გულით რომ დამაქვს,
თქვენ ნუ წუხდებით, როგორც გინდათ
ისე მომმართეთ,
მე ჯამბაზი ვარ, დამიჯერეთ,
სახელი არ მაქვს.
და მომიტევეთ, დღეს ვერაფერს
რომ ვერ გთავაზობთ,
მთვრალი კი არ ვარ, ჩვევადა მაქვს
ასე ბარბაცი,
დღისით ვარ ასე მხიარული,
ცირკში ვჯამბაზობ,
ღამეს ვათენებ, სევდით სავსე
პატარა კაცი.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:20 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტი
გათავდა, თებერვალს
დაესვა წერტილი,
ქარებმა ზამთარი
გამტაცეს სულიდან,
ვზივარ და დაკარგულ
იმ ღამეს შევტირი,
შენს სურათს, ოთახში,
ასე რომ უვლიდა,
როგორ შევეჩვიო
მარტის აბდაუბდას,
გული ვერ გაუძლებს
ატმის ვარდისფერებს,
ჩემი ცივი მთვარე
ნეტავ სად დაუბამს,
საით დამიკარგავს,
ან სად დამიბერებს.
შეჭირხლულ მინაზე
ჯიუტად გხატავდი
და მთელი ზამთარი
ვთბებოდი კანკალით,
უმზეოდ ჯვარცმული
რამდენჯერ გავთავდი,
როგორც ცელის ფხაზე
აჭრილი სამკალი.
გადავიწყებული
დედის ძუძუსავით
ცივად მოალერსე
მარტი მეუცხოვა,
ნუშის ჟრუანტელი
ამაყი ძუსავით
ზედაც არ შემხედავს,
მისთვის მე უცხო ვარ.
ვიცი, გაზაფხულმა
უნდა გამარეტოს,
გული არ მიჯერებს,
აღარც თავი ვარგობს,
ალბათ ჩემი ქოხი
უნდა გადავკეტო,
თეთრი ყვავილების
ნისლში დავიკარგო.
ნუთუ ნაზამთრალი
სული იშიებდა,
მთებს და ქარაფებზე
გეზად გადავლებას,
რატომ მეკარგება
თეთრი სიმშვიდე და
ახლა ირემივით
მინდა აბღავლება.
რა დროს ამოსვლაა,
ჩადით ენძელებო,
ჯერ ვერ შევეჩვევი
მზით გამთბარ ამინდებს,
უცებ გაზაფხული
რა ვქნა მეძნელება
ცოტა შემიბრალეთ,
ცოტათი დამინდეთ.
კარზე აკაკუნებს
მარტი ატეხილი,
ნეტავ სად იყო და
საიდან დაბრუნდა,
ვზივარ გაზაფხულის
შიშით დამეხილი,
აწი რა გაუძლებს
მარტის აბდაუბდას.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:21 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გინდა აგიხსნა, გამხმარ ხეზე
ყვავის ძახილი,
და გაგაგონებ, გაყიდული
სულის საფიქრალს,
მზე დაგანახო, ცივ მიწაზე
უღვთოდ დახლილი,
როგორ გაცივდა და თითებში
როგორ გამიქრა.
რისთვის და რატომ, ნურასოდეს,
ოღონდ ნუ მკითხავ,
რქამოტეხილი პირუტყვი ვარ,
ნუ მთხოვ პასუხებს,
ტკივილი მიხმობს ყოველ მხრიდან,
ყველა კუთხიდან
და ბეჭედივით დავატარებ,
სულში მარწუხებს.
ჩაშლილა მიწა და სინდისი
აჯანყებულა,
მაინც არ შერჩა შენი სახე,
რაბი, ამ თვალებს,
(რა დაამთავრებს იმას, რაც რომ
არ დაწყებულა)
დამახურდავეს და ქისაში
სული ჩათვალეს.
დამბანა ფეხი, გაყიდული
სიცოცხლის სართი,
ფიქრებმა, მაინც აიხდინეს
ავი სიზმარი,
სიმშვიდით სავსე სიღარიბის,
მოსავდა კვართი,
ვიყავი, ღმერთზე, ოცდაათი
ვერცხლით მდიდარი.
მხურვალე მზერით დამეწყრილი
იყო ზეცა და
უღმრთო ტკივილით გასენილმა,
უღვთოდ ნაჯიჯგნმა,
გოლგოთის გზიდან მიმიხმო და
შველას ეცადა,
სხვა გზით მატარა, ათრეულმა,
მრუდე ნაბიჯმა.
გინახავს, ხეზე შერჩენილი
თოკის ნარჩენი,
ბილწი ამბორით გაყინული,
მხურვალე ღაწვი,
უბრალო დედა, ღვთაებრივი
შვილის გამჩენი,
მეფის გვირგვინზე, სისხლიანი,
პირბასრი ქაცვი.
შიშმა, კბილებში მომიქცია,
ავი ძაღლივით,
როგორც აღვირი, ცრემლებამდე
სიმწრით ნაღეჭი,
და უდაბნოში, გამხმარ ხეზე,
ბაირაღივით
ჰკიდია, თოკზე შერჩენილი
სულის ნაგლეჯი.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:22 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტი ოინს უგებს
ზამთარს კამათლებით,
მოდის გაზაფხული,
ხან წვიმს, ხან დარია,
ჩუმად დაუარა კვირტებს
სამართებლით
პირი გაუხსნა და
თეთრად გადარია.
თვალებს ვერ ვამჩნევდი
ვნებით მოქანცულებს,
ზამთრის მოსასხამით
აქ რომ აივლიდა,
მარტმა გაუმხილა
მკერდის სიქალწულე
მასთან გამეპარა
სული აივნიდან.
ერთი ღიმილის და
ერთი ღამის შიშმა,
ფიქრი ამიდუღა
ყინვით დართვილული,
მთვარემ ნაზამთრალი
მკერდი გაიშიშვლა,
ხეზე იზმორება
ვნებით გათქვირული.
შორი მთის კალთების
თეთრი მერდინია
ნისლი შენს თვალებში,
მარტი ისე მარტობს,
ასე ამღვრეული
რომ ხარ მეშინია
ვნების ჟრუანტელმა
რამე არ დაგმართოს.
თითქოს ანდერძივით
სიტყვა მოეწერა
ზამთარს, თეთრი ლექსის
ბოლო ტაეპიდან,
-ბებერი ფოთოლი,
კვირტებს მოეფერა,
დაემშვიდობა და
მიწას დაეფინა.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:23 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხეზე გაზაფხული სკდება კვირტებიდან,
სანამ ღამეები მარტით გაითვალნენ
ჩქარა, მოგვისწრებენ აწი ჩიტები და
ენაჭარტალები ამბავს გაიტანენ.
თუმცა მწიფობამდე, ჩემი ალუბლები
მაინც გაგვამხელენ რძისფერ ყვავილებად,
მალე გადაივლის წვიმა და ღრუბლები,
რა ვქნა, რომ მომიწევს შენი გაცილება.
მზესაც შეშურდება მთვარის ბედ-იღბალი,
წუხელ დაგითვალა ტანზე ხალები და
თრთოდა ღამისფერი მწიფე ალუბალი,
ქროდა ბედაური ქარი ჭალებიდან.
თვალი გიელავდა ვნებით ანაცერი,
სიზმრებს ავიცხადებ გულმა თუ იღირსა,
მახსოვს, არ გემოსა ტანზე არაფერი,
გარდა ველური და შლეგი სურვილისა.
ძალით მოვიტაცე ლექსი სიზმრებიდან,
სვრელი გავიტანე სულის საუნჯემდე,
მთვარის სარეცელზე ახლა ისე მინდა
მწიფე ალუბლების ბაგით მამუნჯებდე.
ასი უღიმღამო ღამე გავათიე,
სანამ ისევ მოხვალ, ისევ დაბრუნდები,
მოდი, უშენობას თავს ვერ ვაპატიებ,
თრთიან ღამისფერი მწიფე ალუბლები.
სხივი დაგთამაშებს მზისგან ნამზითევი,
გზაზე გამოჩნდი და თვალი დამებინდა,
მწიფე ალუბლებთან მინდა ღამისთევით
და ქრის, ბედაური ქარი ჭალებიდან.
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:23 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ავაშენებ ტყის პირას ჯარგვალს,
მუხის ძელებით, დიდი ლოდებით,
მერე შენს მოსვლას შევნატრებ ცარგვალს
და აივანზე დაგელოდები.
ამიხდენ სიზმარს, მონათხრობს თრთოლვით,
შენს ფერად სიზმრებს - მე ავუხდები,
და ტყეს, აქა-იქ დაფარულს თოვლით,
მე და შენ, იცი როგორ ვუხდებით.
ჟრჟოლა აჰყვება თავნება სხეულს,
როგორც ფათალო ძველ ციხე-დარბაზს,
გიცქერ, სპილოსძვლის ქანდაკად ქცეულს,
ოცნებასავით უხვსა და ლამაზს.
იწვის ატმების შუქით აპრილი,
შენზე ფიქრებში მარტი დაბერდა,
წამწამები გაქვს მორცხვად დახრილი,
თვალებში მალავ უცხო ნაღვერდალს.
მე გადაშლილი წიგნი ვარ შენთან,
შენ ჩემი სულის სულ სხვა ფურცელი,
ჩვენ ორივენი ვსაუბრობთ ღმერთთან
როცა ერთმანეთს თვალში ვუცქერით.
დაემალები ჩემთან ამ ღამეს...
სახლის წინ, ჩემი ნეკერჩხლის დარგვას
მოვასწრებ, თუმცა წლებმა დამღალეს
მე ავაშენებ ტყის პირას ჯარგვალს...

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:24 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუჩის გადაღმა, ფანჯრის ფონზე,
ხმელი ფოთოლი
(თებერვლის ქარი თარეშობდა,
წვიმას ურევდა)
დავინახე და მომეჩვენა,
ვიღაც მოხუცი,
წლების მიღმიდან, ჩემს ფანჯარას
შემოჰყურებდა...
ვაკოწიწებდი აივანზე
სულის ნატეხებს,
წვიმა ჯიუტად აბიჯებდა
სახურავებზე,
მგზავრები შიშით არიდებდნენ
გუბეებს ფენებს.
არ ვიცი, იქნებ ქარს და წვიმას
თავსაც ვაბეზრებ...
ვიღაც, ქოლგის ქვეშ განაბულა
ბავშვივით ყუჩად,
ოთახში თბილა, მაგრამ მაინც
აივანზე ვარ,
ქოლგამ კი ისე სევდიანმა
დატოვა ქუჩა,
თითქოს უღელში შეება და
მიდის აღზევანს,
ფოთოლი ენთო ნეკერჩხალზე
როგორც კანდელი,
სახლი, ფანჯრებში სახეებით,
ჰგავდა სახატეს,
წვიმის წვეთებმა ჩამორეცხეს
ერთი კედელი
და ფრესკასავით ფერმიხდილი
ღმერთი დახატეს.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:24 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზამთარს გაუძლო
ტოტზე ფოთოლმა,
სად ნახავ ასეთ
სიცოცხლის წყურვილს,
რა ვქნა, დამტანჯეს
ყინვამ და თოვლმა,
შენთან ვერკავ და
არ იღებ ყურმილს.
ღამდება, ალბათ
აგიშლი სიზმრებს,
ვეღარ გავუძლებ
უსაზღვრო დუმილს,
რა ვქნა, უშენოდ
გული არ მიძლებს.
ისევ ჯიუტად
დავწვდები ყურმილს.
ნუ მივატოვებ
ოღონდაც ღამეს,
ჩემს სიმარტოვეს
სათუთად უვლის,
ტოტზე ფოთოლი
არ ითვლის წამებს,
სად ნახავ ასეთ
სიცოცხლის წყურვილს.

საშა გველესიანი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
ძებნა:

მოგესალმები Гость